X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

სტეფანწმინდის ცენტრალური და დუშეთის ისტორიული ნაწილის ურბანული განახლება პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში დაიწყება

13 მაისი 2021

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სტეფანწმინდის ცენტრალური და დუშეთის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. 

კომისიის სხდომას, რომელიც ქალაქ მცხეთაში გაიმართა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები და რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი წინადადებებიდან, პირველ ეტაპზე, გადაწყდა სტეფანწმინდის ცენტრალური ნაწილის ურბანული განახლება,  დუშეთის ისტორიულ უბანში დამატებით 19 ისტორიული სახლის და ქუჩების რეაბილიტაცია,  თიანეთის სპორტული მოედნისა და მიმდენარე რეკრეაციის განვითარება. 

პროგრამის ფარგლებში, კომისიის სხდომები უკვე გაიმართა დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონსა და კახეთში. 

აღმოსავლეთ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტისათვის ტენდერები მიმდინარე კვირას გამოცხადდა. ტენდერების შედეგად გამოვლინდება საპროექტო და სამშენებლო კომპანიები, რომლებიც მოამზადებენ სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული ობიექტების ურბანული განახლების პროექტებს და შეასრულებენ ამავე დოკუმენტაციით განსაზღვრულ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს. 

სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები“ 4-წლიანია და საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია და ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი ობიექტის/მდებარეობების განვითარებას გულისხმობს. 

პროექტები განხორციელდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით.